ქართული ღვინის ისტორია

მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანი,  თუ იცნობს ღვინის ისტორიას, საქართველოზე, როგორც მისტიურ ქვეყანაზე, “ღვინის კულტურის აკვანზე”, შორეული წარმოდგენა მაინც აქვს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარება.
ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული წყაროები, ქართული ღვინის ისტორიასთან დაკავშირებით, დღითი დღე მდიდრდება სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების შედეგებით, ვიღებთ უამრავ ინფორმაციას:
8000 წელზე მეტი ხნის რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქების აღმონაჩენი, მიუთითებს მაშინდელ საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე.
გარდა ამისა, ქრისტე შობამდე ხანას მიეკუთვნება ნაქალაქ ნელქარისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვის საწნახელი ყურძნის წიპწებით.
კარგ ღვინოს, ისევე როგორც ადამიანს თავისი სამშობლო აქვს. ის მშობლიური მიწის სურნელს სამუდამოდ ითვისებს. ქართული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები განუმეორებელი, ორიგინალური და არომატული თვისებებით ხასიათდება.
„საქართველოს შემთხვევით არ უწუდობენ ვაზის სამშობლოს, სხვაგან არსად ეტრფის ვაზი ასე მგზნებარედ მიწის ცეცხოვან სინოტივეს. აქ ღვინის სამოცდაშვიდამდე ადგილობრივი დასახელება არსებობს. მტევნის ნაირსახეობა საქართველოში, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, უპირველესად ვაზის ძირის მოყვანილობით განისაზღვრება“ (გ რ.რობაქიძე).
საქართველოში მევენახეობის ძირითადი 8 კერა არსებობს: კახეთი 80 ჯიში, ქართლი 72 ჯიში, იმერეთი 75 ჯიში, რაჭა-ლეჩხუმი 50 ჯიში, აფხაზეთი 58 ჯიში, აჭარა 52 ჯიში, გურია 53 ჯიში, სამეგრელო 60 ჯიში და სხვა. (ჯიშების ჩამონათვალი იხილეთ დანართში).
1999 წლის 23 ივლისს ლონდონში, ქალაქის ცენტრში 100 000 ფუტის ფართობის ტერიტორიაზე გაიხსნა მუდმივმოქმედი ღვინის ქალაქი ვინოპოლისი. ნებისმიერი მნახველი ვინოპოლისში პირველ რიგში გაივლის №1 პავილიონს, რომელსაც ეწოდება ”საქართველო ღვინის აკვანი”.
საქართველო 2010 წელს მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიო კონგრესის OIV-ის მასპინძელი ქვეყანაა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მტკიცე დასაყრდენი მეღვინეობა-მევენახეობა რომ უძველესი დროიდანაა, ამის დასტურადაც არგონავტების მითიც კმარა, რომლის თანახმადაც. ”ჯერ კიდევ არგონავტებს, კოლხეთის (დღევანდელი სამეგრელო) მეფე აიეტის სასახლეში შადრევნები დახვედრიათ, რომლიდანაც ღვინო ჩქეფდა”. ალბათ, სწორედ აღნიშნული მიზეზით ყოველი დამპყრიბელი, რომელიც საქართველოს გატეხვას ცდილობდა, მის რელიგიას თელავდა და ვაზს ჩეხავდა, რასაც თემურ ლენგის, შაჰ აბაზისა  და სხვათა და სხვათა ლაშქრობები მოწმობს. ისიც აღსანიშნავია, რომ დამპყრობლები საუკუნეთა მანძილზე საქართველოდან ხარკის სახით სხვა დოვლათთან ერთად ღვინოს იღებდნენ.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ჩვენს ქვეყანაში ვაზს უმნიშვნელოვანი საკრალური დატვირთვაც აქვს: ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომელშიც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა მაცხოვრის მოწაფეებმა, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს, მეოთხე საუკუნის პირველ მეოთხედში კაბადოკიიდან მობრძანებულმა ქალწულმა, წმინდა ნინომ გააქრისტიანია, რომელსაც ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და ამდენად, ვაზი - ქართველისათვის რწმენისა და ეროვნების ერთგავრი სიმბოლოცაა.
გამომდინარე იქიდან, რომ ვაზის ისტორიასა და ქრისტიანულ კულტურას უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს მხარეში ტურიზმის განვითარებისათვის, გადავწყვიტეთ ნაწარმისათვის შეგვერჩია სახელწოდება, რომელიც მჭიდრო კავშირში იქნებოდა ორივე ცნებასთან:
ნელქარისი ნაქალაქარია კახეთში, ახლანდელი ნეკრესის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქალაქი ნელქარისი ჩვენს წელთაღიცხვამდე არსებობდა და, როგორც არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო.  ცნობილია, რომ ნელქარისი და მისი შემოგარენი ვახტანგ გორგასალმა თავს ვაჟს, დაჩის გადასცა სამართავად, თუმცა მალევე ქალაქი მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მისი ზუსტი მდებარეობაც კი არ იყო დადგენილი. ნეკრესის მიმდებარე ტერიტორიაზე 2004-2005 წლიდან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი იქნა ნაქალაქარი, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებული იყო მნიშვნელოვანი საკულტო დანიშნულების შენობები თუ ნივთები, მათ შორის ქვის საწნახელები, სადაც აღმოჩნდა ყურძნის წიპწები, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ საქართველო, ღვინის უძველესი სამშობლოა და რომ ღვინის აკვანი სწორედ კახეთში დაირწა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საწარმო, ნაქალაქრთან საკმაოდ ახლოს მდებარებს, გადავწყვიტეთ ღვინოს სწორედ ამ უძველესი ქალაქის სახელი ჰქონოდა, რაც,  თავის მხრივ, დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან, ქართული დამწერლობის ისტორიასთან და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ საინტერესო მთხრობელია. ბედნეირი ვიქნებით, თუ ჩვენი ნაწარმი, თუნდაც ერთ ადამიანს გაუჩენს კითხვას დასახელების შესახებ და ტრადიციის დაგემოვნებასთან ერთად, ეზიარება საქართველოს ისტორიას.